გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომიაზე იმსჯელეს.
“კომისიის 25-ე სხდომის დღის წესრიგის თანახმად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევისა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მათი მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან ხორციელდება: გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის, კულტურისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.
„გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, ბუნებრივია, რჩება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამ კუთხით, მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ განვაგრძობთ ინტენსიურ კომუნიკაციას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევების გამოვლენისა და შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან ერთად, მათი მოგვარების კონკრეტულ გზებზე მსჯელობის მიზნით. დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მოისმინა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, დასახა კონკრეტული ქმედებათა შემდგომი გეგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში ომით დაზიანებული სახლების აღდგენასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზის მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, ისევე როგორც სტუდენტებისთვის 2022-23 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ. საქართველოს მთავრობა, 2013 წლიდან შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, განაგრძობს ერთიან ძალისხმევას აღნიშნული სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების ეტაპობრივი მოგვარების მიზნით,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.