მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ მუნიციპალიტეტში ჩარჩენილი ადამიანები რაიონს დღეს დატოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ადგილობრივები არ არიან და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაშინ დარჩნენ, როდესაც მარნეული მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითა და საპატრულო პოლიციის თანხლებით დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გაიყვანენ.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ეს მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს გაივლიან მას შემდეგ, რაც მარნეულს დატოვებენ. კარანტინის გავლა მათ სურვილისამებრ თბილისის, რუსთავის ან საირმეს საკარანტინო სივრცეში მოუწევთ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საუბარია ჯამში 370 მოქალაქეზე.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.