ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის მედიკოსებმა პნევმოკარკასული საველე ჰოსპიტალი მოაწყეს, რომელიც აღჭურვილია მართვითი სუნქთვის აპარატებით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალი 200 – ზე მეტი პაციენტის მიღებას შეძლებს. ის უზრუნველყოფილია თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით და ტექნიკით, “ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ბაზის საკონტროლო – გამშვებ პუნქტებთან თერმოსკრინინგი ხორციელდება”, წერს “აბხაზია ინფორმი”.
აფხაზეთში, კერძოდ, გაგრაში, 8 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით, გუშინ გაგრის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა.
გაგრამდე კომენდანტის საათი 30 მარტს გალის რაიონშიც გამოაცხადეს. გალის რაიონი სრულად ჩაკეტილია.
უფრო ადრე, გალის სოფელ საბერიოდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს, კორონავირუსი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა.
ოუპირებულ აფხაზეთში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.