ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა

530

გაგრაში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც პირველ პაციენტთან კავშირში მყოფ ადამიანს დაუფიქსირდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

„პირველ დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის შემოწმების შედეგად, კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნული პირი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას აკვირდებიან და ღებულობს აუცილებელ მკურნალობას“, – აღნიშნულია შტაბის ინფორმაციაში.

კოვიდინფექციაზე ტესტირება კიდევ ხუთმა ადამიანმა ჩაიტარა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

ამგვარად, ოკუპირებულ აფხაზეთში, ამ დროისთვის, კორონავირუსი მხოლოდ ორ პაციენტს დაუდასტურდა.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველი ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ის გაგრის მცხოვრებია, მოგზაურობის ისტორია კი, მოსკოვს უკავშირდება.

ამის გამო ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გაგრის რაიონში, კომენდანტის საათი გამოაცხადა.

გაგრამდე კომენდანტის საათი 30 მარტს გალის რაიონშიც გამოაცხადეს. გალის რაიონი სრულად ჩაკეტილია.

უფრო ადრე, გალის სოფელ საბერიოდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს, კორონავირუსი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა.

ოუპირებულ აფხაზეთში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.