სუბარი: ვფიქრობთ, ქობულეთში დაავადება ერთ კონკრეტულ სოფელს არ უნდა იყოს გაცდენილი

483

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ვფიქრობთ, ქობულეთში დაავადება ერთ კონკრეტულ სოფელს არ უნდა იყოს გაცდენილი, – განაცხადა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„აქ საუბარია ერთ კონკრეტულ სოფელზე, სადაც ფართო მასშტაბის კვლევა მიმდინარეობს. ვფიქრობთ, დაავადება ამ სოფელს არ უნდა იყოს გაცდენილი. სოფელში უკვე დაწყებულია კვლევა და შემოწმება ხვალ მთლიანად დამთავრდება. უფრო ფართო ზომების მიღება საჭირო იქნება თუ არა, ეს უახლოეს ორ დღეში გამოჩნდება. თუმცა, ჯერ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად არის ცნობილი იმ პირთა წრე, სადაც შეიძლებოდა, ვირუსი გავრცელებულიყო“, – განაცხადა სუბარმა.

ამ განცხადებით სოზარ სუბარმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა მდგომარეობაა ქობულეთში, სადაც დღეს ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რა ეტაპზეა ეპიდკვლევა და რამდენად რთულია ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ გავრცელების არეალი სამეგრელოშიც უფრო ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„პირველადი კონტაქტი მხოლოდ რამდენიმე ათეული კაცი იყო, ხოლო კონტაქტის კონტაქტები ბუნებრივია, ასეულებზე გადიოდა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა პიროვნება დადგენილია. შეიძლება, ერთი-ორი გამონაკლისი იყოს. ასეთ დროს შეუძლებელია, არ ივარაუდო, რომ გამონაკლისი არსებობს, მაგრამ ძირითადად, ყველა დადგენილია. მიდის თითოეული პირის ძალიან დეტალური შესწავლა“, – განაცხადა სუბარმა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, იგივეს თქმა შეიძლება შიდა ქართლზე, გორისა და ქარელის რაიონებში.

„ჯერ მაინც არ ვართ იმ საფრთხესთან მიახლოებული, რომლის შიშიც დაახლოებით, აპრილის დასაწყისისთვის გვქონდა, მაგრამ მიახლოებული რომ არ ვართ, ეს სწორედ ხელისუფლების, ექიმებისა და ექსპერტების მიერ ერთობლივად გატარებული დროული, ძალიან ზუსტი და მიზანმიმართული ღონისძიებების შედეგია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისათვის, ქობულეთში 7 აპრილს 53 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ქობულეთში, სოფელ გვარაში სტუმრად იყო.

ანალიზების ჩატარების შემდეგ კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა, ისინი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯერჯერობით პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.