„ბლუმბერგი“ ბათუმის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სიუჟეტს ამზადებს

416
ბათუმი

გავლენიანი ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადამღები ჯგუფის ობიექტივში ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოხვდა. სიუჟეტი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს სფეროს მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმში მიმდინარე ბიზნეს პროექტებსა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს დაეთმობა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის საიმიჯო კამპანიებს აქტიურად აწარმოებს წამყვან ტელეკომპანიებთან, რაც ხელს უწყობს ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას. წელს, რეგიონს სამიზნე ქვეყნებიდან 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.