ქობულეთში შექმნილ სიტუაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ეპიდემიოლოგებთან ერთად სწავლობს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
სპეციალისტები სოფლის ამბულატორიასა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. მიმდინარეობს მედპერსონალის გამოკითხვა და მოკვლევის პროცესი, რის შემდეგაც გაირკვევა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის დროს მედიკოსთა შეცდომებსა და პროტოკოლის დარღვევის ფაქტს სამედიცინო დაწესებულებაში.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე პაციენტის ვიზიტი შედგა. დეტალები მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ეპიდემიოლოგები ვიმყოფებით სოფელ გვარაში და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც მიმდინარეობს ძალიან დეტალური ეპიდემიოლოგიური ჩაკითხავა. მიმდინარეობს შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან, სათანადო დოკუმენტაციის შესწავლით. ეს გახლავთ რუტინული, შრომატევადი პროცესი. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ეს არის იგივე სამედიცინო გამოძიება, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. გამოძიების ან დაზუსტების პროცესში ინფორმაციების გაცემა არ ხდება, სანამ საბოლოო სახეს არ მიიღებს. ჯერ არ შეიძლება საბოლოო დასკვნის გაკეთება. გამოკითხვას დაექვემდებარა აბსოლუტურად მთელი პერსონალი“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა
ბათუმში დღეს კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი ინფიცირებული 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სულ 16 პირს ჩაუტარდა გამოკვლევა, მათგან ხუთის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ახალ ინფიცირებულებს შორის ორი 60 წლის ქალის ოჯახის წევრია, ერთი შვილი, მეორე კი მამაა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. სამი პირი კი ქობულეთში, მშობლების მეზობლები არიან. ინფიცირებული სწორედ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა მშობლებთან. სულ 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია, 20 კი, ოჯახის წევრები და სამეზობლო. კონტაქტების რაოდენობა ზუსტდება. ასევე ზუსტდება მედიკოსთა ვინაობაც, ვისთანაც ხუთ ახალ ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი ვირუსის დადასტურებამდე. დაკეტილია სოფლის ამბულატორია, ასევე, ქობულეთის სამედიცინო ცენტრიც და მიმდინარეობს შენობის დეზინფექცია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.