აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რა შემთხვევაში გააგრძელებს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი მუშაობას

582

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქუბულეთში, სოფელში არიან ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტირებული ოჯახები, რომლებიც მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს.

როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ამ დროისათვის სამედიცინო ცენტრში მომუშავე პერსონალის კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს და თუ იმ პერსონალის რაოდენობა, ვისაც კონტაქტი არ ჰქონია ინფიცირებულ პაციენტებთან საკმარისი არ იქნება, იზოლაციის პერიოდის დასრულებამდე, სამედიცინო ცენტრი პაციენტების მიღებას შეწყვეტს.

„ამ დროისთვის ქობულეთში, სოფელში გვყავს კონტაქტირებული ოჯახები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, სადაც მკაცრად არის მითითებული თვითიზოლაციის დაცვის წესების რეკომენდაცია და გააზრებული აქვთ ეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებენ, ტემპერატურის მაჩვენებლებს დღეში ორჯერ აწერინებენ ქობულეთის ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივ სამსახურს, მათზე არის აქტიური მეთვალყურეობა და ქობულეთში ასევე, ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გრძელდება სხვა დამატებითი კონტაქტების მოძიება და მათთან ეპიდკვლევის ჩატარება. სამედიცინო ცენტრში პირველადი ინფორმაცია არის უკვე შეკრებილი. გარკვეულ პირებთან მიმართებაში რეკომენდაცია უკვე გაცემულია, ეს გახლავთ დაახლოებით 38 სამედიცინო პირი, რომელთა ნაწილი თვითიზოლაციაშია და ნაწილი გახლავთ კარანტინში. რაც შეეხება თვითონ სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირებას, ჩვენ დღის განმავლობაში განვიხილავთ იმ პერსონალის რაოდენობას და იმ მიმართულების იდენტიფიცირებას მოვახდენთ, რომლებსაც შეხება არ ქონია აღნიშნულ პაციენტებთან. თუ დარჩენილი პერსონალის რაოდენობა, ამის საშუალებას მოგვცემს, ცენტრი გააგრძელებს მუშაობას, სხვა შემთხვევაში ის რა თქმა უნდა იზოლაციის პერიოდის დასრულებამდე შეწყვეტს პაციენტთა მიღებას.

რაც შეეხება ინფიცირებულების მდგომარეობას, 14 პაციენტიდან 1 რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. სხვა შემთხვევები გახლავთ საშუალო და მსუბუქი სიმძიმის, რაიმე განსაკუთრებული საყურადღებო და საფრთხილო შემთხვევა ამ ეტაპზე არ გვაქვს“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

ცნობისათვის, ქობულეთში 7 აპრილს 53 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ქობულეთში, სოფელ გვარაში სტუმრად იყო.

ანალიზების ჩატარების შემდეგ კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა, ისინი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯერჯერობით პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის ვარაუდით, ქობულეთში დაავადება ერთ კონკრეტულ სოფელს არ უნდა იყოს გაცდენილი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.