ახალი კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, პაციენტი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდაპირველად კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მოგვიანებით, ვირუსი რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას დაუდასტურდათ. ასევე ვირუსით დაინფიცირდა საკრებულოს წევრის ერთი შვილიც. დღეს კი ვირუსი ოჯახის კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, აღნიშნულ ოჯახში კორონავირუსი 5 ადამიანს აქვს დადასტურებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.