რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა და 103 094 000 ლარი გახდა

380

რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა და 103 094 000 ლარი გახდა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები რუსთავის საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა მამაიაშვილმა წარუდგინა.

66 700 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერია, 890 000 გაზრდილი შემოსავლები, 142 000 ლარი კი გამოვლენილი ეკონომიები.

აღნიშნული თანხიდან ძირითადი ნაწილი დაიხარჯება: 100 000 ლარი კულტურულ ღონისძიებებში, 138 000 აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების პროგრამაში, 438 400 ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამაზე და სხვა.

საკითხს საკრებულოში შემავალმა სამივე პარტიამ კენჭი უყარა, თუმცა სხდომაზე ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს.

ფრაქცია “რუსთავი საქართველოსთვის” თავმჯდომარის ნათია შელეგიას განცხადებით, საკრებულოზე წარდგენილი ბიუჯეტის ცვლილება ხარვეზიანი იყო, თუმცა მხარი დაუჭირეს, რათა ქალაქმა გააგრძელოს ფუნქციონირება.

“ჩვენი პოზიცია არის ასეთი, იმისთვის, რომ არ გაჩერდეს ქალაქი და ფუნქციონირება გააგრძელოს, ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს, ჩვენთვის აუცილებელი და პრიორიტეტულია, რომ ბიუჯეტის ყველა დოკუმენტი დამტკიცდეს, მიუხედავად იმისა, რომ არის ხარვეზები და გამოსასწორებელია, გვაქვს ჩვენი შენიშვნები, დღეის მდგომარეობით წარმოდგენილ ბიუჯეტს ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, თუმცა მხარი დავუჭირეთ და ჩვენი პოზიციებიც დავაფიქსირეთ. მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ააიპ რუსთავკორპუსის არაერთი თანამშრომელი შეგვეხმიანა და გვითხრა, რომ თურმე საკრებულო აჩერებს ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხელფასი არ გვერიცხებაო. საკრებულო არაფერ შუაშია, მერიას დროულად უნდა განეხორციელებინა ცვლილება”,- განაცხადა შელეგიამ.

ცვლილებას მხარი დაუჭირეს ენმ-ის დეპუტატებმაც, თუმცა ნანა შატბერაშვილის თქმით – “მხარი დავუჭირე და საბიუჯეტო კომისიის სხდომაზევე მოვითხოვე სამსახურის ხელმძღვანელების მოსვლა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად გამართული იყო და მოთხოვნილი იყო გარკვეული თანხები შინაარსობრივად იყო მთავარი, მე პირადად მჭირდებოდა არგუმენტები, რატომ ითხოვდნენ სამსახურის ხელმძღვანელები თანხების გადასროლას ერთი მუხლიდან მეორე მუხლში”,- განაცხადა შატბერაშვილმა.

ბიუჯეტში ცვლილებას კენჭი უყარეს “ფრაქცია ქართული ოცნების” წევრებმაც. დეპუტატის, გიგა ვეფხვაძის თქმით, ბიუჯეტში იყო მათთვის პრიორიტეტული საკითხები.

“თანხა სხვადასხვა პროგრამებში გადანაწილდა. რაც ჩვენ ძალიან გვეჩქარებოდა სოციალური პროგრამები აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის, იყო კორპუსის თანამშრომლებიც წახალისების თანხები. ასევე საგზაო ინფრასტრუქტურისთვის”,- განაცხადა ვეფხვაძემ.