რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს სამსახურის დატოვებას აიძულებს, – ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათ შრომის ინსპექციის დასკვნაც გაასაჯაროეს.
როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა არჩილ ძამაშვილმა განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი თანაშემწის მხრიდან მასზე და სხვა თანამშრომლებზე სისტემატური ზეწოლა ხდება. მათ ამის თაობაზე მიმართეს შრომის ინსპექციას, რომელმაც საკითხის შესწავლა დაიწყო. ძამაშვილის განმარტებით, დღეს მიიღეს დასკვნა, რომლის თანახმადაც დასტურდება საკრებულოს თავმჯდომარის, პარტია “საქართველოსთვის” წევრის ნოდარ შეროზიას მხრიდან საკრებულოს აპარატის თანამშრომლებსა და აპარატის უფროსზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა.
“საქმის წარმოება სამი თვის განმავლობაში მიდინარეობდა. შრომის ინსპექციიდან დღეს მივიღეთ დასკვნა, რომლის თანახმადაც დასტურდება ნოდარ შეროზიას მხრიდან ჩვენს მიმართ ზეწოლა და შევიწროება. საკრებულოს თავმჯდომარეს შრომის ინსპექციამ დააკისრა ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ ძამაშვილმა.