რუსთავის საკრებულოს დეპუტატს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ

747

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.

კორონავირუსი დადასტურებული აქვს დეპუტატის დედასაც, რომელის ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ვირუსი ერივნული ბანკის კიდევ 6 თანამშრომელს აღმოაჩნდა.

რუსთავის საკრებულოს წევრების ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წევრი, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდგინდა, პარასკევს სხდომაზე იმყოფებოდა.

რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.