რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად მეორედ წარუდგინა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების საკითხი რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ 24 ნოემბერს პირველი მოსმენით ჩააგდო და მერიას შენიშვნების დოკუმენტთან ერთად უკან დაუბრუნა.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ოპოზიციური საკრებულოს მიერ გადაგზავნილი შენიშვნების დოკუმენტი მხოლოდ მათი სურვილების ჩამონათვალია, მოთხოვნები არარეალისტურია, რიგ შემთხვევაში საერთოდ სცილდება მერიის კომპეტენციას და რაც მთავარია, დოკუმენტში ასახული არცერთი პუნქტი თანხვედრაში არ მოდის არსებულ შემოსავლებთან.
„რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი ჩვენ უკვე მეორედ წარვადგინეთ საკრებულოში. სამწუხაროდ, პირველი წარდგენისას საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტს და ე.წ. შენიშვნებით დააბრუნა უკან. ეს შენიშვნები მხოლოდ მათი სურვილებია, რომელსაც თან არ ახლავს არანაირი ფინანსური წყარო, არანაირი ფინანსური ანალიზი, არის არარეალისტური და არარეალურ შემოსავლებზე დაფუძნებული. და თუ არარეალური, განუხორციელებელი სურვილების ვერშესრულების მიზეზით, რუსთავის ოპოზიციური საკრებულო კვლავ არ დაუჭერს მხარს 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, საფრთხე შეექმნება როგორც დაგეგმილი და გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების განხორციელებას, ასევე განათლების, კულტურისა და სხვა მიმართულებების დაფინანსებას, რაც გათვალისწინებულია 2023 წლის ბიუჯეტით“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველი განხილვა რუსთავის საკრებულოში ხმაურისა და და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრებმა, კი ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. რუსთავის მერიაში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციური საკრებულო ქალაქის ბიუჯეტს მეორე მოსმენითაც ჩააგდებს და არ დაამტკიცებს.