რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, პროფკავშირებს მიმართეს

513
რუსთავის მერია

რუსთავის საკრებულოს აპარატის 26-მა თანამშრომელმა საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს შრომითი უფლებების დაცვის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, აპარატის 26-მა თანამშრომელმა პროფკავშირებს მათი შრომითი უფლებების დაცვის თხოვნით მიმართა და რწმუნებულება გადასცა. როგორც ალანია აცხადებს, რუსთავის საკრებულოში შრომის ინსპექციაა შესული და იქ დასაქმებულების შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევისა და დისკრიმინაციის ფაქტებს სწავლობს.

„ჩვენ მოგვანიჭეს უფლება, ჩავატაროთ შეხვედრები, როგორც საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასევე საკრებულოს თანამდებობის პირებთან და ეს საკითხი დაიხუროს დასაქმებულების სასარგებლოდ. არავის არა აქვს უფლება დასაქმებული ადამიანების მიმართ განახორციელოს დისკრიმინაციული ქმედება, არ მისცეს მათ შვებულება, შეუცვალოს ან შესთავაზოს სხვა თანამდებობა თუ ეს არ იქნება დაკავებული პოზიციის ტოლფასი და დასაქმებული ამაზე არ იქნება თანახმა. პარალელურად, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საკრებულოს აპარატში შრომის ინსპექცია იკვლევს შესაძლო დარღვევის ფაქტებს“, – განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

ალანიას თქმით, პროფკავშირები ემიჯნება პოლიტიკას, თუმცა, არავის აქვს უფლება პოლიტიკური ნიშნით შეავიწროოს დასაქმებული.

„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მხარდამჭერი მუშაობს ამა თუ იმ პოზიციაზე რუსთავის საკრებულოში, მას არ უნდა შეეზღუდოს სამუშაო პირობები, მათ კანონი იცავთ და ერთი ხელის მოსმით, ვერავის ვერ გათავისუფლებენ სამსახურიდან“, – აცხადებს ალანია.

რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა ერთ-ერთ სხდომაზე სამუშაო ადგილზე შევიწროების თაობაზე განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციის ფაქტებს.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პარტია “საქართველოსთვის“ წევრი ზაზა ჯაიანი.

“საკრებულოს აპარატში დისკრიმინაციის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, აღნიშნული დეზინფორმაციით სამწუხაროდ, მმართველი პარტია ცდილობს საკრებულოს დისკრედიტაციას და მისი საქმიანობის ხელშეშლას, დამატებით გეტყვით, რომ აპარატის უფროსის მხრიდან დისკრიმინაციად არის აღქმული სამსახურებრივი ავტომანქანის განპირობება აპარატზე და არა პირადად მასზე, მაშინ როცა ის არის ,,ქართული ოცნების“ აქტიური წევრი, მისი ძმა იკავებს საქართველოს მთავრობაში მაღალ თანამდებობას და სამწუხაროდ ღიად ასრულებს პარტიულ დავალებებს და ხშირად წარმოდგენილია მხარედ საჯარო სამსახურში“, – აცხადებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“. განცხადებაში ნათქვამია, რომ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება.

„საკრებულოს ხელმძღვანელობის მხრიდან აპარატის თანამშრომლებზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული შევიწროების და ზეწოლის გაცხადებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მივმართავთ საკრებულოს ოპოზიციურ ფრაქციებს, რომელთაც ასევე აქვთ ინფორმაცია დარღვევების შესახებ, რომ ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ აღნიშნული ფაქტების მიმართ და შეფასება მისცენ საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლას. ხოლო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ნოდარ შეროზიას, რომელიც პარტია”საქართველოსთვის” წარმოადგენს, მოვუწოდებთ, რომ უპასუხოს აღნიშნულ ბრალდებებს და ამავე დროს უზრუნველყოს აპარატის გამართული მუშაობა.

ცნობილია, რომ საკრებულოს აპარატში მიმდინარე პროცესებზე შესაბამის უწყებას დაწყებული აქვს მოკვლევა, რასაც ჩვენ დავაკვირდებით.

იმედი გვაქვს, რომ შექმნილი სიტუაცია სამართლებრივ ჩარჩოებში უმოკლეს დროში მოექცევა“, – ნათქვამია განცხადებაში.