კორონავირუსის პრევენციისათვის მარნეულის მერიის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 200 000 ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაცია 6 აპრილს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა და საკითხი განსახილველად გამოიტანა.
“200 000 ლარს დავამატებთ სარეზერვო ფონდიდან. ჯამში გამოდის, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად 300 000 ლარი გამოიყო. ეს თანხა (200 000) ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა სოფელ იმირში გადაჭრილი გორის გადახურვისთვის. გადახურვის თანხამ 750 000 ლარი შეადგინა. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას აღმოჩნდა , რომ პროექტის ღირებულება ძალიან დიდია (სამ მილიონზე მეტია) ეს რთული მდგომარეობა რომ დამთავრდება, მთავრობასთანაც გვექნება კომუნიკაცია თანხის დამატებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, ამ სამუშაოებს ჯერჯერობით ვერ ვასრულებთ და დაწყებული არ გვაქვს, 200 000-ით შევამცირეთ და სარეზერვო ფონდს დავუმატეთ ეს თანხა,“ – თქვა ვუგარ მამედოვმა.
სარეზერვო ფონდში 200 000-ის დამატებაზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
მარნეულის მერიამ სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყენებაზე დადგენილება 26 მარტს მიიღო და მოსახლეობის დახმარება 100 000 ლარით დაიწყო. ვუგარ მამედოვის თქმით, ამ დრომდე 90 000 ლარია გახარჯული.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.
ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკსაგუშაგო. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.