კორონავირუსის პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩასატარებლად მარნეულის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „მარნეული“ ავრცელებს.
მარნეულის მერის ბრძანებაში, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სარეზერო ფონდის თანხა შემდეგი საჭიროებებისათვის შეიძლება დაიხარჯოს: სხვადასხვა საკვები პროდუქტი, სამუშაო ტანსაცმელი, სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები, სამიდიცინო მოწყობილობები, ავეჯის აქსესუარები, ფარმაცევტული პროდუქტები, პირადი ჰიგიენის საშუალებები, ბუნებრივი წყალი, სასტუმროს მომსახურება, რესტორნებისა და კვების საწარმოების, სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების, აგრეთვე, საავტომობილო ტრანსპორტის, დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურება.
ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, რომელმაც რადიო “მარნეულთან” საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპისათვის უცნობია, თუ რამდენი დაიხარჯა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხიდან. მისი თქმით, დეტალური ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რაზე და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა თანხა, მუნიციპალიტეტში კარანტინის დასრულებისა და მერიის ჩვეულ სამუშაო განრიგში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.