კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება.
სპეციალური ხსნარით, ამჯერად რუსთაველის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობისა, ზუგდიდასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად შეასრულეს.
ზუგდიდში უკვე დამუშავდა ზვიად გამსახურდუიას გამზირი, მუნიციპალიტეტში დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებსა და სხვა შენობებს. ქუჩების დამუშავების პროცესი, კვლავ გაგრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.