თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

627

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება.

თბილისის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ქუჩა: პეკინისა და კოსტავას ქუჩები, ასევე, ვარკეთილში ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც. პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.