კობახიძე: ენზელ მკოიანის დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს

551

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისმა თანაგუნდელმა, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, ახალქალაქში თავდაცვის მიზნით გაისროლა. შესაბამისად, კობახიძე მისი დაკავების ან უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზს ვერ ხედავს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ახალქალაქში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

„ნამდვილად არსებობს ის კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის მისამართით და ამაზე პასუხობს მკოიანიც, თავდაცვის მიზნით. ეს არის ის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეო კადრებიდან, დანარჩენი არის გამოძიების საქმე. პირდაპირ და ნათლად ჩანს ამ ვიდეო კადრებში ის, რომ კონფლიქტის ინიცატორი არის პეტროსიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი და მისი თანაგუნდელი თავს იცავდა, ამიტომ მკოიანს არც უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს და არც უნდა დააკავონ. მედიის კითხვაზე – არის თუ არა ეს შერჩევითი სამართალი, კობახიძემ უპასუხა: „მე რომ თქვენ გესროლოთ და თქვენ მიპასუხოთ სროლით, თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ. ეს არის არაშერჩევითი სამართალი“.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე სასამართლო მიიღებს.

ინციდენტი 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მოხდა. შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 29 მარტს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი არმენ მკოიანი დააკავა. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა.

დეპუტატმა მკოიანმა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, რომელიც სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.

“ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასა და მის დაკავებას მოითხოვს.