მოწერელია: სამეგრელოში აგრარული ბაზრები თუ არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, დახურვა მოგვიწევს

372

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალური დისტანცია და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ბაზრებს ბოლო გაფრთხილება მიეცათ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“მინდა შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება, შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები, რომელიც უნდა შეესრულებინათ – ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული. რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა და დისტანცია. დღეს ის რაც ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ, ვთხოვთ მათ – ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო რწმუნებულმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.