მარნეულში კორონავირუსზე 88 000 ადამიანი შემოწმდა

677

მარნეულში დღეისათვის კორონავირუსზე 88 000 ადამიანია შემოწმებული. როგორც მანრეულის მერმა ზაურ დარგალმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სავალე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 15 ადამიანი იმყოფება და მათი ლაბორატორიული კვლევის ანალიზს ელოდებიან.

“დღევანდელი დღის მონაცემებით, 88 000 ადამიანია შემოწმებული, საველე ჰოსპიტალში იმყოფება 15 ადამიანი, ანალიზების პასუხებს ველოდებით, პირველი საათის მერე გვექნება. ასევე, პირველი საათის მერე გვექნება თერმოსკრინინგის ახალი მონაცემები, რომელიც 6 ერთეულში აქტიურად გრძელდება, 11 ერთეულში დასრულებულია. ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა, ისევე როგორც სოფლებში,“- განაცხადა ზაურ დარგალმა.

რაც შეეხება კარანტინში მოთავსებულ პაციენტებს, როგორც მარნეულის მერი აცხადებს, მათგან დიდი ნაწილი საზღვრიდან შემოსული ადამიანები არიან და ცოტაა ადგილობრივი.

გარდა ამისა, გუშინ მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა. მერიამ სოციალური დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების დარიგება დაიწყო, რამაც მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, რწმუნებულები დახმარებას უსამართლოდ არიგებენ. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ სოფლებში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, მათ კი საკვების შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვთ.

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიის მიერ გაცემული დახმარებები ყველა მარნეულელს გადაეცემა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, მარნეულში სურსათით მომარაგების პრობლემა არ არის – ბანკებთან ხალხმრავლობაა, თუმცა, დისტანცია დაცულია

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინია გამოცხადებული. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 108 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.