“ვირუსისაგან კი არ მოვკვდებით, შიმშილი მოგვკლავს,” – მარნეულის მერიის წინ ხალხმრავლობაა

720

შემდეგი სტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ დღეს, 30 მარტს, დილის საათებიდან, ხალხმრავლობაა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები მერიასთან მივიდნენ და მუნიციპალიტეტს სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვენ.

მერიამ სოციალური დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების დარიგება დაიწყო, რამაც მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ რწმუნებულები დახმარებას უსამართლოდ არიგებენ.

ისინი ამბობენ, რომ სოფლებში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, მათ კი საკვების შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვთ.

“დახმარებას ვითხოვთ, ვირუსი კი არა შიმშილი მოგვკლვას ჩვენ. კაპიკი ჯიბეში არ გვაქვს,”- ამბობენ მერიასთან შეკრებილები.

მარნეულის მერმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიის მიერ გაცემული დახმარებები ყველა მარნეულელს გადაეცემა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“სამწუხაროდ ხდება ისე, რომ მოსახლეობაში ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება. ეს დახმარება არის გარკვეული ჯგფებისთვის. ჩვენს გვაქვს სიები, ვისაც უნდა დავეხმაროთ. მე ახლა იტალიელი მერების მსგავსად, ემოციურად, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლებში და ნუ გამოვლენ გარეთ,“ – აცხადებს ზაურ დარგალი.

მერი მოუწოდებს მოსახლეობას სახლებში დარჩნენ, რათა მარნეულშიც იტალიის მსგავსი სცენარი არ განმეორდეს.

მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და მერია ცდილობს, რომ ყველა მარნეულელს მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია.

მარნეულის მერიის მიმდებარედ ხალხმრავლობა ამ დრომდე შეინიშნება. მიუხედავად მერის მოწოდებისა, მოსახლეობა სახლებში არ მიდის, მაგრამ ცდილობს, რომ ერთმანეთისაგან დისტანცია დაიცვან.

მარნეულის მერიამ, ამ დროისათვის, სასურსათო პროდუქტით 1 000-მდე ოჯახი მოამარაგა.

ხალხმრავლობა მერიასთან

Posted by Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM on ორშაბათი, 30 მარტი, 2020

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.