ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული: დახმარება მთლიან მოსახლეობას არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით

402

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 12 პაციენტია მოთავსებული. მისი განცხადებით, თბილისიდან 7 პაციენტზე ელოდებიან პასუხს, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი.

„ამ წუთისთვის საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი შესაბამისი სიმპტომატიკით და სადღაც 7 პაციენტთან ველოდებით თბილისიდან დასკვნებს”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას, მისივე თქმით, უკვე 1 000-მდე ოჯახს დაეხმარა სახელმწიფო, თუმცა ეს დახმარება ყველას არ ეკუთვნის და მთავრობა ვერც გაწვდება.

„არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება. ხაზგასმით ვამბობ, 1 000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებებს ვაგრძელებთ, მაგრამ მთლიან მოსახლეობას ეს ყველაფერი არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით”, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, მარნეულში, მერიასთან ხალხმრავლობაა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.