ზუგდიდში მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო

1197
ფოტოზე -ზუგდიდის მერი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გაცემა დაიწყო.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, სასურსათო კალათა მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებსა და შინმოვლის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს გადაეცემათ.

“დღეს დავიწყეთ საკვები პროდუქტების გაცემა, რომელიც 700-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა. პროცესი გაგრძელდება და დამატებით 1000-მდე ოჯახს მოვიცავთ. აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

პროდუქტების დაფასოებისა და დარიგების პროცესში აქტიურად არიან ჩართული მერიის თანამშრომლები და მოხალისეები. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ. საკვები პროდუქტები უკვე გადაეცა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. პროდუქტის გაცემას მონიტორინგს მერთან ერთად, მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარე უწევდა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.