მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა, მათ შორის მატარებლითაც

929

მთავრობამ საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იზღუდება ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები.

„საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.