სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალებისა და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები.
“29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები და ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.
ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პირზე მეტი, აუცილებლად შეჩერდება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს. გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად”, – განაცხადა მოწერელიამ.
მისი თქმით, ზომების გამკაცრება მოსალოდნელი რისკებიდან გამომდინარეობს.
“ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს. არსებობს საფრთხეები, ეს საფრთხეები ძალიან დიდია. ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ, ის ინფორმაცია, რაც ჩვენ იქიდან გვაქვს, არ არის სახარბიელო. მოსალოდნელია აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების სამკურნალოდ გადმოსვლა. ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა”, – განაცხადა მოწერელიამ.
მისივე მტკიცებით, ეს არ არის მარნეულის ანალოგი ზომები.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.