მარნეულში სოციალურად დაუცველი 100 ოჯახი პირველადი მოხმარების პროდუქტებს მიიღებს

478

მარნეულის მერია დღეს, 24 მარტს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ 100 ოჯახს პირველადი მოხმარების პროდუქტებს გადასცემს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დახმარების პროგრამა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

„100 ოჯახით ვიწყებთ, თუმცა რაოდენობას გავზრდით და ყოველდღიურად უფრო მეტ ოჯახში შევალთ. სურსათია: ზეთი, ფქვილი, შაქარი, კარაქი, პური, ბრინჯი, წიწიბურა და ა.შ.“, – ამბობს ზაურ დარგალი.

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ სოციალური პაკეტებისათვის თანხა მარნეულის მერის სარეზერვო ფონდიდან იხარჯება და ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენი თანხა დაიხარჯება მოსახლეობისათვის პირველადი საჭიროების პროდუქტების დარიგებაში.

მარნეულის მერის მტკიცებით, მუნიციპალიტეტში სურსათისა და მედიკამენტების დეფიციტი არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიებში მარაგი ამოიწურა, ის თბილისიდან შეივსება.

23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია, განთავსებულია სულ 12 ბლოკ-საგუშაგო და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.