ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს მარნეული ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს რეგიონები, დიდი გამოწვევის წინაშეა. უხილავ მტერთან, კორონავირუსთან ( COVID-19) ბრძოლა, ცხადია, დიდ რესურსებს მოითხოვს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა, – აღნიშნულ მიმართვას მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისივე შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამ მიზნით, აღნიშნული ღონისძიებების გატარებით უნდა შევაჩეროთ ამ ეტაპზე ვირუსის მასობრივი გავრცელება.
ნავერიანის განცხადებით, ვირუსის გავრცელების ყველა ეტაპზე სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული.
„პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე. სიფრთხილე კი ნიშნავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას – დავრჩეთ სახლში! მე, როგორც ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათიან რეჟმში ვიმუშავებ იმისთვის, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში, არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტიანად და თავიდან ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება“, – წერს თამაზ ნავერიანი.
შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და გახსნილია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო. ასევე, შინაგან საქმეთა და თავდაცვისის სამინისტროს მიერ კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.
საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. მარნეულის ტერიტორიაზე მოძრაობს ავტომობილები, საიდანაც ხმოვანი შეტყობინებით მოსახლეობას სამ ენაზე აწვდიან ინფორმაციას მოქმედი კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ. ამასთანავე, მოხალისეები აქტიურად აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიას მოსახლეობაში და დეტალურ ინფორმაციას აწვდიან კორონავირუსის შესახებ.
ამასთან, მარნეულის მოსახლეობას დილიდან ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები ინტენსიურად ამოწმებენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.