სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში, ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტების 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, რაზეც დასკვნები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა, გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარე წლის 14 თებერვლას დაიწყო. საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ გამოძიება აუდიტის სამსახურის წერილის და თანდართული მასალების საფუძველზე დაიწყო.
“ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2017-2018 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – განმარტეს პროკურატურაში.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს პროკურატურას მიმართა განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნით გამოვლენილ დარღვევებზე, რომელიც სხვადასხვა ინფრასტუქტურული პროექტის ხარვეზებით შესრულებას შეეხება, და არა მხოლოდ, გამოძიება დაიწყოს.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა წითლიძის თქმით, ეს დარღვევები, რაზეც დასკვნაშია საუბარი, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველს იძლევა.
ზუგდიდის მერიის განმარტებით, მშენებელ კომპანიებს განესაზღვრათ ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
სოციალურ სახლებთან დაკავშირებით კი აღნიშნეს, რომ ბენეფიციარების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ხდება. მერიაში ისაუბრეს იმაზეც, თუ რატომ არ ცხოვრობდა არავინ სამ სახლში.
სახელმწიფო აუდიტმა ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათ შორის, ორივე შემთხვევაში საუბარია სამშენებლო სამუშაოების ხარვეზებით წარმართვაზე. ასევე, ზუგდიდის შემთხვევაში უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომელიც დასკვნის მიხედვით დარღვევევებით წარიმართა.