ოპოზიციამ ზუგდიდში აუდიტის გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართა

732

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით გამოვლენილ დარღვევებზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებს შეეხება, პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ის საკითხი, რაზეც ამ დასკვნაშია საუბარი, იძლევა საფუძველს, სისხლის სამართლის საქმის აღძრვის. სწორედ ამიტომ, მიმართავენ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, რომ ზუგდიდის ბიუჯეტიდან მოსახლეობისთვის განკუთვნილი თანხა არ იფლანგებოდეს “ქართული ოცნების” მაღალჩნოსნების პირადი ინტერესებისთვის.

ანა წითლიძის განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდნენ:

“რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ზუგდიდში წარმოადგენენ ქურდები და კრიმინალები, რომლებიც ზუგდიდის ბიუჯეტიდან პირადი ინტერესებისთვის იპარავენ იმ ფულს, რომელიც ზუგდიდელებს უნდა მოხმარდეთ. 20-მდე უხარისხოდ შესრულებული პროექტი, ნეპოტიზმი, უაზროდ გაზრდილი შტატები ააიპ-ებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაყიდი საწვავი, რომელიც პირად მიზნებს ხმარდებოდა, კორუფციის ნიშნები სოციალურ სახლებთან დაკავშირებით, ინტერესთა შეუთავსებლობა იმ სამშენებლო კომპანიებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერში მერიის თანამშრომლებთან”, – ეს ის საკითხებია, რასაც, ანა წითლიძის თქმით, პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათ შორის საუბარია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომელიც დასკვნის მიხედვით ხარვეზებით წარიმართა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტმა მიწოდების ვადები გაზარდა დაუსაბუთებლად. ასევე, სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული ხელშეკრულებით, ანაზღაურება კი შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გასცა.

ზუგდიდის მერიის განმარტებით, მშენებელ კომპანიებს განესაზღვრათ ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

სოციალურ სახლებთან დაკავშირებით კი განმარტავენ, რომ ბენეფიციარების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ხდება. მერიაში ისაუბრეს იმაზეც, თუ რატომ არ ცხოვრობდა არავინ სამ სახლში.

დარღვევებზე დროულ რეაგირებას მერიისგან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისი ითხოვს.