აუდიტი: მესტიის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 119 900 ლარი დაუსაბუთებლად გასცა

691

წინა სტატია

მესტიის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 119 900 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (არათანამდებობის პირები) ხარჯები 2017-2018 წლებში ანაზღაურდებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილების საფუძველზე.

“სამართლებრივი აქტის შესაბამისად, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 390 ლარი. საკრებულოს წევრის მიერ
მისაღები კონკრეტული თანხის მოცულობა დადგენილია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, საკრებულოს და  საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის. წარმოდგენილი ინფორმაციის  მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (არათანამდებობის პირები), 2017-2018 წლებში, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სახით, სულ მიღებული აქვთ 119.9 ათასი ლარი, მათ შორის, 2017 წელს − 75.6 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს − 44.3 ათასი ლარი”, – წერია ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.

“თანხები გაცემულია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შესაბამისად, რომელიც მიღებულია საკრებულოს წევრების ყოველთვიური ინფორმაციების საფუძველზე მათი აქტივობების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის კრიტერიუმს. გარდა ამისა, უმრავლეს შემთხვევაში, საკრებულოს წევრებზე ყოველთვიურად გაცემულია ფიქსირებული თანხა, ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა − 390 ლარი. ნაკლებად სარწმუნოა, რომ საკრებულოს წევრებს, რომლებიც წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს, ზუსტად იდენტური დანახარჯები ჰქონდეთ და დანახარჯები ყოველთვიურად, ძირითადად, უცვლელი იყოს”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 119.9 ათასი ლარი ხარჯების დადასტურების გარეშე გასცა.

აუდიტი მიმართავს რეკომენდაციით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას არ აანაზღაუროს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. აუდიტის ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

“აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას”, – წერია რეკომენდაციაში.