აუდიტი: ზუგდიდის მერიის მიერ სოციალურად დაუცველებისთვის აშენებული სახლები დაკეტილია და საცხოვრებლად არ გამოიყენება

1601

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აუდიტის სამსახურის დასკვნით, ზუგდიდის მერიის მიერ სოციალურად დაუცველებისთვის აშენებულ სახლებში არავინ ცხოვრობს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში ზუგდიდის მერია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ადამიანებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფით პროგრამას ახორციელებდა. პროგრამა სოციალურად დაუცველი ადამიანების მოძებნას და მათთვის საკუთარ ეზოში სახლის აშენებას ითვალისწინებდა.

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა სულ 47 სახლის მშენებლობა დააფინანსა, ღირებულებით – 995.8 ათასი ლარი. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა განახორციელეს შპს „ევრომშენი 999“-მა, შპს „ემ კა ინშაათმა“ და შპს „ბუხამ“.

მიუხედავად მუნიციპალიტეტის განმარტებისა, რომ პროგრამა ხორციელდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, აღმოჩდა, რომ სოფლებში კახათი, ცაიში და ჭითაწყარი პროგრამის ფარგლებში აშენებული სახლები დაკეტილია და საცხოვრებლად არ გამოიყენება.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი შერჩევის პრინციპით და კონტროლის მექანიზმებით ვერ გამოვლინდა შესაფერისი ოჯახები.  სახლების მშენებლობაზე დახარჯულია სულ 50.4 ათასი ლარი, რომელიც ფაქტობრივად არაეფექტიანი ხარჯია, რადგან პროგრამის მიზანი − საჭიროების მიხედვით საცხოვრისით დაკმაყოფილება, ვერ იქნა მიღწეული.

დოკუმენტის თანახმად, სოფლებში: ორსანტიაში, შამადელასა და კოკში სახლები ააშენა შპს „ევრომშენი 999“-მა და ობიექტების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი არ შესრულებულა, ნაწილი კი განხორციელდა ხარჯთაღრიცხვით დადგენილი პარამეტრების შეუსაბამოდ.

აუდიტის ცნობით, სოციალური სახლების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 47-დან 2 სახლის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია, 16 შესრულებულია ხარვეზებით. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ზოგიერთი სახლისათვის ჩაიბარა შეუსრულებელი ან არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები და გასცა მოთხოვნილი დაფინანსება. ამასთან დასკვნაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სამუშაოები მიმწოდებლების მიერ დარღვევით არის ასახული შესრულებული სამუშაოების აქტებში.

დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტმა, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა წარმართა ხარვეზებით. იმ პირობებში, როცა მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს ყველა ბენეფიციარისათვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას, აშენებულია სახლები, რომლებიც საცხოვრებლად არ გამოიყენება;

შეუსრულებელი და ხარვეზებით განხორციელებული სამუშაოები დადასტურებულია მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მიერ. ამდენად, ხელშეკრულებების შესრულებისას არ არის დანერგილი კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფდა აღნიშნული შეუსაბამობების გამოვლენას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფთათვის 2015 წლიდან მოქმედებს სახლების მშენებლობის პროგრამა.