აუდიტი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6,2 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოა

939

წინა სტატია

შემდეგი სტატია

1,2 მილიონი ლარი დაიხარჯა სოფლების − კოკი-ორსანტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილტაციაზე, რომელიც ზოგიერთ ადგილას დაზიანებულია. ხარვეზები გამოვლინდა 12 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისათვის, რომელთა საერთო ღირებულება 6.2 მილიონი ლარია, – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უხარსხოდ შესრულებულ სამუშაოებზე ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

დოკუმენტის თანახმად, აუდიტის მიმდინარეობისას ჯგუფმა შეამოწმა 2017-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რის შედეგადაც გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, კერძოდ:

  • სოფლების − კოკი-ორსანტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტმა 2017 წელს ტენდერის საშუალებით შპს „ბეტკოსთან“ გააფორმა ხელშეკრულება, ღირებულებით 1.2 მილიონი ლარი.

ობიექტის დათვალიერებით გაირკვა, რომ გზის გრძივი და განივი ტემპერატურული ნაკერები არ არის შევსებული ბიტუმის ემულსიით, ხოლო შესაბამისი თანხა ანაზღაურებულია მუნიციპალიტეტის მიერ.

გარდა ამისა, ბეტონის საფარი ზოგიერთ ადგილას დაზიანებულია. ხარვეზები გამოვლინდა 12 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისათვის, რომელთა საერთო ღირებულება 6,165.7 ათასი ლარია.

  • 2017 წელს მუნიციპალიტეტმა დაასრულა ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები. შპს „შანსი-2010“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საკასო ხარჯი 381.6 ათასი ლარია.

ხელშეკრულებით არ იყო მოთხოვნილი შესრულებული სამუშაოების ხარისხის საექსპერტო დადასტურება. შესაბამისად, მიმწოდებელმა წარმოადგინა დადებითი საექსპერტო დასკვნა, რომლითაც შეფასებულია შესრულებული სამუშაოების მოცულობა. ინსპექტირების ჯგუფმა ასევე ჩათვალა, რომ სამუშაოები განხორციელდა პროექტის ხარჯთაღრიცხვისა და შესაბამისი სამუშაოების აქტების მიხედვით.

საბავშვო ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი დაზიანებები, რაც სავარაუდოდ სამშენებლო სამუშაოების უხარისხობითაა განპირობებული.

მონაცემები უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და
დაზიანებული ობიექტების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში:

ინფორმაცია 2017-2018 წლებში მოწყობილი ბეტონის საფარიანი გზების მდგომარეობის შესახებ (ათასი ლარი)

დათვალირების პერიოდში ბეტონის საფარიანი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს არ ჩაუტარებიათ ობიექტების მონიტორინგი, რაც მათ საშუალებას მისცემდა გამოეკვლიათ ხარვეზების მიზეზები და მიმწოდებლებისათვის მოეთხოვათ დაზიანებების გამოსწორება.

დათვალიერების დროს ასევე გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ობიექტი დაზიანებულია არასწორი ექსპლოატაციის შედეგად, თუმცა მუნიციპალიტეტს ხარვეზის გამოსასწორებლად ღონისძიებები არ გაუტარებია.

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების კონტროლის სისტემა, რიგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დადგენილ ხარისხს და სისრულეს, ხოლო საგარანტიო პერიოდში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და გამოსწორების მექანიზმი არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, მოსახლეობამ ვერ მიიღო ხარისხიანი პროდუქტი ექსპლოატაციის სრული პერიოდისათვის.