ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის უკანა ფლიგელის რეკონსტრუქციისას დაბზარულია კედელი და ჭერის გარკვეულ მონაკვეთზე ჩამოყრილია ბათქაში, ფოიეში დაზიანებულია საღებავის ფენა, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
აუდიტმა შეისწავლა 2017 – 2018 წელს ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და გამოავლინა უხარისხოდ შესრულებული 20 – მდე პროექტი. ჩამონათვალში ძირითადად არის გზები, და ასევე ახალკახათის საბავშვო ბაღი. ანგარიშის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში, ზოგ შემთხვევაში,არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა გაუარესებულია.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ობიექტებს შორის მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა გამოავლინოს და თავიდან აიცილოს ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას.
აუდიტის რეკომენდაციაა, რომ მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სრულდება ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობის შესაძლებლობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.