აუდიტი: წნორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია უხარისხოდაა შესრულებული

675

წინა სტატია

შემდეგი სტატია

წნორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია უხარისხოდაა შესრულებული, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ქალაქ წნორში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება
135.7 ათასი ლარს შეადგენდა, პარკის ტერიტორიაზე საკალათბურთო მოედნის მოწყობას ითვალისწინებდა.

“ობიექტის ვიზუალური დათვალიერებით გამოვლინდა, რომ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება პროექტით განსაზღვრულს. კერძოდ, მოედნის საფარი პროექტის მიხედვით უნდა შედგებოდეს 2 ფენისგან, მათ შორის, ქვედა − რკინა-ბეტონის და ზედა − ასფალტის ფენებისგან. ფაქტობრივად კი მოწყობილია მხოლოდ რკინა-ბეტონის ფენა, რომელსაც არ აქვს სწორი ზედაპირი, ხოლო შუა ნაწილი ჩაღრმავებულია”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ასფალტის ფენის დაუგებლობა გამოწვეულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზით და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უმოქმედობით. კერძოდ, ასფალტის ფენის დაგება არ იყო გათვალისწინებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო მონაცემები ამ ნაწილში ურთიერთშეუსაბამოა, ვინაიდან მიმწოდებელმა, შპს „ლედა მშენმა“, სამუშაოები შეასრულა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, საკალათბურთო მოედნის მოწყობა დაუსრულებელია.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, არაკვალიფიციურად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო, ქალაქ სიღნაღში დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობისა და ქალაქ წნორში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები, საერთო ღირებულებით – 393.5 ათასი ლარი, შესრულებულია ხარვეზებით, კერძოდ, სამუშაოების ნაწილი დაუსრულებელია.

“მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს, როგორც პროექტანტის, ასევე, აკრედიტირებული საექსპერტო კომპანიის მიმართ, რომელმაც აღნიშნულ საპროექტო დოკუმენტაციაზე დადებითი დასკვნა გასცა, შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია. ასევე, სოფელ ბოდბის საბავშვო ბაღის მშენებლობის დაუსრულებლობის მიზეზს წარმოადგენს, არაკვალიფიციურად შედგენილი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ხარვეზების გამოსავლენად მერიის ზედამხედველობის სამსახურის არასათანადო მიდგომა. შედეგად, მოსახლეობა ვერ სარგებლობს ობიექტის მომსახურებით”, – ნათქვმია აუდიტის დასკვნაში.