9 ძმისა და ლერმონტოვის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემა ახლდება.
კომპანია “რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
წყალმომარაგების სისტემა სრულად ახლდება 9 ძმისა და ლერმონტოვის ქუჩებზე, რაშიც კომპანია 170 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა. 9 ძმის ქუჩაზე შეიცვალა 0.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის ქსელი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდა 11 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. ასევე, ლერმონტოვის ქუჩაზე განახლდა 200 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი და დამონტაჟდა 5 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
სარეაბილიტაციო პროექტის ბოლო ეტაპზე, ახალი მაგისტრალური მილების ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები. შედეგად, წყალმომარაგება გაუუმჯობესდება ქალაქ რუსთავში 9 ძმისა და ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია 2022 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს შევჩენკოს, მარჯანიშვილისა და გურამიშვილის ქუჩებზე.
“რუსთავის წყალი” 2023 წლის ბოლომდე 30 მილიონ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.