აუდიტი: სიღნაღის სოფელ ანაგას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება

642

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2018 წლის 30 ივლისს სიღნაღის მუნიციპალიტეტმა შპს „ჰიდროგეოსგან“ შეისყიდა სოფლებში (ანაგა, ვაქირი და ტიბაანი) ჭაბურღილებისა და წყალსადენის ქსელის
მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით − 282.3 ათასი ლარი.

2019 წლის 8-9 ოქტომბერს აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად
შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. შედეგად კი გამოვლინდა, რომ სოფელ ანაგაში წმ. ბარბარეს ეკლესიასთან მოწყობილი ჭაბურღილიდან, მიღებული წყალი სასმელად უვარგისი იყო.

“აღნიშნული ჭაბურღილის და წყალსადენის ქსელის მოწყობის ღირებულებამ 100.2 ათასი ლარი შეადგინა. სამუშაოები ითვალისწინებდა წყლის ლაბორატორიულ (ქიმიური და ბაქტერიოლოგიური) გამოკვლევას, რაზეც მუნიციპალიტეტმა სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში გადაიხადა 1.0 ათასი ლარი.

წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ჩატარებულია მხოლოდ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, თუმცა ისიც არასრულყოფილია და გამოცდის შედეგები არ მოიცავს ინფორმაციას სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, გამოცდის 6 კომპონენტიდან შედეგი გამოყვანილია მხოლოდ 2-ზე.

“სავარაუდოდ, დასკვნაში კვლევის შედეგები დაფიქსირებულია მხოლოდ იმ კომპონენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებდნენ დადგენილ ნორმებს, ხოლო უარყოფითი მონაცემები არ არის დაფიქსირებული.

ამასთანავე, კვლევის შედეგებს არ ახლავს ინფორმაცია, წყალი სასმელია, თუ ტექნიკური.  ედეგად, მოსახლეობას მიეწოდება წყალი, რომლის ვარგისიანობა დოკუმენტურად არ არის დადასტურებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს, რომელსაც წყალზე კვლევის ჩატარებისათვის გადახდილი აქვს 1.0 ათასი ლარი, არ უნდა მიეღო ისეთი დასკვნა, რომელიც არ შეიცავს მონაცემებს წყლის ვარგისიანობისა და მისი გამოყენების დასაშვები პარამეტრების შესახებ. აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებელი პირები ადასტურებენ წყლის უხარისხობას”, – ვკითხულობთ აუდიტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, სოფელ ანაგაში, მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი ჭაბურღილიდან მოსახლეობას მიეწოდება წყალი, რომელიც, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისათვის. შედეგად, არ არის დაცული მოსახლეობის ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჭაბურღილისა და წყალსადენის ქსელის მოწყობის მიზნით გახარჯული 100.2 ათასი ლარი, არაეფექტიანი ხარჯია.