დახარჯული 257 800 ლარის მიუხედავად, სიღნაღის დენდროლოგიურ პარკში სამუშაოები დაუსრულებელია, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
2018 წელს ქალაქ სიღნაღის დენდროლოგიური პარკის სარეაბილიტაციოდ, გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ინსტალ+“-სთან, ღირებულებით − 257.8 ათასი ლარი. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად გათვალისწინებული იყო პარკის პირველი და მეორე უბნების დამაკავშირებელი კიბეების მოპირკეთება ბეტონის ფილებით.
თუმცა, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ უბნების დამაკავშირებელი კიბის მოწყობა გათვალისწინებული იყო ტერიტორიაზე, რომელიც იყო კერძო საკუთრება, რის გამოც სამუშაოს შესრულება ვერ მოხერხდა.
“შედეგად, პარკის პირველ და მეორე უბნებს არ გააჩნია დამაკავშირებელი გზა. გარდა აღნიშნულისა, რიგი სამუშაოების ფაქტობრივი მოცულობები არ შეესაბამებოდა ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულს. შედეგად, საჭირო გახდა მნიშვნელოვანი კორექტირებების შეტანა. კერძოდ, სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად, ზოგიერთი აუცილებელი სამუშაოს შემცირების ან ხარჯთაღრიცხვიდან სრულად ამოღების ხარჯზე, გაიზარდა იმ სამუშაოების მოცულობები, რომლებიც თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაში შემცირებულად იყო წარმოდგენილი”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
ამაე ანგარიშით, მიუხედავად იმისა, რომ ქ. სიღნაღში დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციაზე გახარჯულია 257.8 ათასი ლარი, რიგი სამუშაოები დაუსრულებელია, რაც გამოწვეულია იმით, რომ არაკვალიფიციურადაა შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
“ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დენდროლოგიური პარკის მოვლა-პატრონობა ევალება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ − „კომუნალური 1“-ს, თუმცა პარკის ვიზუალური დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ობიექტი მოუვლელია, კერძოდ, არ ხორციელდება დაგვა-დასუფთავება, ნაგვის გატანა, გათიბვა და სხვა”, – წერია აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაში.