ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს

842

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებით, მანდატის დატოვებას არ აპირებს და საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა კვლავ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას, კუხიანიძემ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა „სიტუაცია განიმუხტოს“.

„არ ვაპირებ მანდატის დატოვებას. დიახ, საკრებულოში მუშაობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ეს მათი გადაწყვეტილებაა და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიაჩნიათ სწორად. ჩათვალეს, რომ ჩემი ქმედება აზიანებს გუნდს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს“,- განაცხადა კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინონ. გარდა ამისა, ის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობის პოსტსაც დატოვებს.

უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას უკავშირდება.

თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. კუხიანიძე გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებდა და მათ იდიოტებად და პროვოკატორებად მოიხსენიებდა.

კუხიანიძის განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მან საკრებულოს წევრის მანდატი დატოვოს.  საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მის საკითხზე “ოცნება” იმსჯელებდა. თავად კუხიანიძემ  ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, შესაძლო პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმს დატყვევებული ჰყავს.