კუხიანიძე ვაჟა ექიმის ოჯახის გინებისთვის ბოდიშს იხდის, თუმცა შესაძლო პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს

1304

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიშს იხდის, თუმცა შესაძლო პროვოკაციის ნიშნებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ყველამ ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ავხსნათ, რატომ მოხდა ეს. მე გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ ემოციებმა ჩემზე მოახდინა ზემოქმედება და მე დავწერე ის, რაც დავწერე. მაგრამ ეს შეცვლილია და ვფიქრობ, ბატონი ვაჟას და მისი ოჯახი არის მომართული პოზიტივზე, მომავალზე. უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ ეს ადამიანი გამოხსნილი იყოს იქიდან და იმაზე, რომ ჩვენ ერთად მოვახერხოთ და ეს მძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევაცალოთ… ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის… იმ არაკორექტურობისთვის, რომელიც მე გაღიზიანების გამო განვაცხადე, – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

კუხიანიძე განმარტავს, რომ მასზე მძიმე ზეგავლენა მოახინა ხელისუფლების კრიტიკამ. მისი თქმით, გამაღიზიანებელი იყო ის განცხადებები, თითქოს, ხელისუფლება გაფრინდაშვილის იძულებით პატიმრობის პარალელურად „ტაშ-ფანდურს აწყობს“ – “თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ ჭიქაც ერთი წვეთი და ბოლოს გადაივსება ხოლმე“.

“მე დავწერე, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, არამარტო ჩვენი მთავრობა, მთელი მსოფლიოს საზოგადოება არის ჩართული, და ამ ფონზე, როცა ჩვენმა მთავრობამ მიიღო ისეთი შეფასება ოჯახის მხრიდან, რომ არ კეთდება საკმარისი და ეს მთავრობა იმის მაგივრად, რომ გმირს დაეხმაროს ტაშ-ფანდურს მართავს და ეზეიმება, ამან ჩემზე ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა. თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ ჭიქაც ბოლოს ერთი წვეთით შეივსება და გადაივსება,” – ამბობს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი.

კუხიანიძე განმარტავს, რომ პროვოკაციულად მან არა გაფრინდაშვილის ქმედება, არამედ ხელისუფლების იმის გამო გაკრიტიკება ჩათვალა, რისი გაკეთებაც შეუძლებელი იყო. ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილის გამოსახსნელად ყველაფერი გააკეთა. მისივე თქმით, “როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს და შენ მაინც იმას შეურაცხყოფას აყენებ, ეს არის ან პროვოკაცია ან რაღაცა.”

“მე დავწერე, რომ ის როცა გადავიდა, იცოდა რა საფრთხეც ემუქრებოდა, და როდესაც მოხდა შეტევა სახელმწიფოზე იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო ჯერჯერობით ესა [მისი გამოხსნა] ეს შეტევა ჩავთვალე მე პროვოკაციად და არა მისი ქმედება. მეორე დღეს როცა გავასწორე პოსტი, მე განსაკუთრებით გავუსვი ხაზი ამ მომენტს, რომ მე არანაირად არ მიხსენებია ბატონი ვაჟას ქმედება პროვოკაციად, თუმცაღა ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ მაგ განსჯაში, რომ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ რა ხდება, როგორ ხდება, კითხვები არ უნდა დარჩეს,” – თქვა კუხიანიძემ.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “პროვოკატორები”, “იდიოტები” უწოდა და აგინა.

მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

ორშაბათს საკრებულოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ითხოვდნენ, რომ კუხიანიძეს საკრებულოს წევრობა დაეტოვებინა.