დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ”, – ამ მოწოდებით დღეს თბილისის საკრებულოსთან აქციას ალეკო ელისაშვილი და სამოქალაქო მოძრაობა მართავს.
აქციის მოთხოვნაა, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის დაწყებას გეგმავს საკრებულოს ოპოზიცია.
ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “პროვოკატორები”, “იდიოტები” უწოდა და აგინა.
“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! ” – წერს დეპუტატი “ფეისბუქში”.
ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს “ღრმა ფსიქიკური აშლილობის” დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ “ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად” მიაჩნია.
ცნობისთვის, 13 დეკემბერს, პარასკევს, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, მისმა ოჯახმა კი რესპუბლიკის მოედანზე აქცია დააანონსა.