„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს უმრავლესობის რიგებს დატოვებს

654

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს, თუმცა საკრებულოს წევრად მაინც რჩება. ამის შესახებ მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო.

“ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ”, – განაცხადა დავითულიანმა.

ინფორმაციისთვის, ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია, აღნიშნული პოსტის დატოვების შემდეგაც საკრებულოს დეპუტატის მანდატს შეინარჩუნებს.

როგორც დავითულიანმა განმარტა, საკრებულოს მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი კუხიანიძის შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ დეპუტატის პირადი განცხადება, რადგან მის მიმართ იურიდიული მოტივი არ არსებობს.

„შესაბამისად, ჩვენ ამას ვერ ვაიძულებთ, თვითონ თუ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესახებ მე მისი რეაქცია არ ვიცი”, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. კუხიანიძე გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებდა და მათ იდიოტებად და პროვოკატორებად მოიხსენიებდა.

კუხიანიძის განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მან საკრებულოს წევრის მანდატი დატოვოს.  საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მის საკითხზე “ოცნება” იმსჯელებდა. თავად კუხიანიძემ  ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, შესაძლო პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმს დატყვევებული ჰყავს.