სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღო დაპირება, რომ საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გუნდში იმსჯელებენ.
როგორც ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავარი მოთხოვნაა, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს საკრებულოს დეპუტატის მანდატი.
„საკრებულოში შევხვდი თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს. შევთანხმდით, რომ იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ერეკლე კუხინიძის საკითხთან დაკავშირებით ხვალ გამოაცხადებენ. ვითხოვთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თბილისის საკრებულო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
განცხადება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემაც. მისი თქმით, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით.
ამასთან, გიორგი ტყემალაძე ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ერეკლე კუხიანიძემ გააკეთა.
„ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვწტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ”, – განაცხადა ტყემალაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.
ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “პროვოკატორები”, “იდიოტები” უწოდა და აგინა.
“დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ”, – ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს. ერეკლე კუხიანიძის გამონათქვამებს აპროტესტებს “სირცხვილია”, შეცვალე”, და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა. ელისაშვილის თქმით, “არ შეიძლება, ერეკლე კუხიანიძე იყოს თბილისის საკრებულოს წევრი იმ განცხადების და იმ პოზიციის მერე, რაც მან გამოთქვა ცხინვალის ციხეში დატუსაღებულ ჩვენს საამაყო ექიმთან დაკავშირებით”.
“ამ კაცმა საკრებულო უნდა დატოვოს, საერთოდ როგორ შედის ამ შენობაში, როგორ ბედავს იქ ყოფნას, ამოვიდეს თავის ფეხით, თქვას, რომ იხდის ბოდიშს და მიდის საკრებულოდან, არ შეიძლება, ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი ფულიდან ხელფასს იღებდეს ეს არამზადა” – ამბობს ელისაშვილი.