ერეკლე კუხიანიძემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა სცადა, მაგრამ მავთულხლართებს ვერ მიაგნო და თბილისში დაბრუნდა

1237

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც ცხინვალში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინების გამო საკრებულოს უმრავლესობის დატოვება მოუწია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩავიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინ სცადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა უშედეგოდ. მისი მტკიცებით, ტყეში დაიკარგა და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.

კუხიანიძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა დღესაც სცადა, მაგრამ ამჯერად ამის უფლება სამართალდამცველებმა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

“გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს, მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის რუსულ ენაზე“, – განაცხადა კუხიანიძემ.

მან ანატოლი ბიბილოვის მისამართით რუსულად თქვა, რომ ექიმმა მათი „კანონები“ დაარღვია, „თუმცა უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და გავათავისუფლოთ ეს ადამიანი”

„უნდა გადავსულიყავი იქ და ისეთ სიტყვებს ვიპოვიდი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ. ექიმმა მათი კანონები დაარღვია, თუმცა უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და გავათავისუფლოთ ეს ადამიანი” – აღნიშნა კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინონ.

უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას უკავშირდება.

თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. კუხიანიძე გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებდა და მათ იდიოტებად და პროვოკატორებად მოიხსენიებდა.

კუხიანიძის განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მან საკრებულოს წევრის მანდატი დატოვოს.  საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მის საკითხზე “ოცნება” იმსჯელებდა. თავად კუხიანიძემ  ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, შესაძლო პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმს დატყვევებული ჰყავს.