კალაძე: თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის კონკრეტული მოცულობის დადასტურების შემდეგ, საბოლოო პროექტი საკრებულოს წარედგინება

414

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დადასტურდება თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის კონკრეტული მოცულობა, საბოლოო პროექტი საკრებულოს წარედგინება.

შესაბამისი განცხადება კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში ასახული არ არის ფინანსთა სამინისტროსგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან მისაღები დამატებითი ტრანსფერი. შესაბამისად, ბიუჯეტის პირველადი ვერსია მოიცავს მხოლოდ მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელ ხარჯებს და გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რა თქმა უნდა, ამ პირველად ვერსიაში გაწერილი არ არის სამომავლო პროექტები, რაც უნდა განხორციელდეს 2023 წელს დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს აქტიურად ვიმუშაოთ ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით, განხორციელდეს დამატებითი ტრანსფერი იმისათვის, რომ შევძლოთ იმ პროექტების განხორციელება, რაც დედაქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც დადასტურდება თანხის კონკრეტული ოდენობა, თუ რა თანხით დაეხმარება ცენტრალური ბიუჯეტი მუნიციპალიტეტს, ბიუჯეტის საბოლოო პროექტს წარვუდგენთ საკრებულოს, ხოლო თბილისის მოსახლეობას დეტალურად გავაცნობთ ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებას ვგეგმავთ 2023 წელს“, – განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.