თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, ერეკლე კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ მისი პირადი განცხადება შეიძლება იყოს.
შესაბამისად, დავითულიანის თქმით, ერეკლე კუხიანიძეს ვერ აიძულებენ, საკრებულოდან წავიდეს. დავითულიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად მან უნდა მიიღოს.
„უნდა განვასხვავოთ ორი საკითხი. საკრებულოს წევრის მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ პირადი განცხადება, რადგან ამისი სხვა იურიდიული მოტივი არ არსებობს. შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ ვაიძულებთ, თუ მან არ მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინონ.
უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას უკავშირდება.
„უმრავლესობის თითოეულმა წევრმა სრულიად ხაზგასმით და მკაფიოდ დაადასტურა, რომ ისინი ემიჯნებიან ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით. არ ეთანხმებიან არც მის ფორმას და არც მის შინაარსს. მიიჩნევენ სწორად ერეკლე კუხიანიძის უმრავლესობიდან გარიცხვას. ამაზე ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული და თითოეულმა წევრმა ხელი მოაწერა ფრაქციის სხდომის ამ ოქმს. ყველაფერს აქვს თავისი პროცედურები. პირველივე დღეს ყველა გაემიჯნა ამ ფაქტს. პროცედურის თანახმად, უმრავლესობის სხდომა უნდა იქნას მოწვეული დადგენილ ვადებში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. კუხიანიძე გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებდა და მათ იდიოტებად და პროვოკატორებად მოიხსენიებდა.
კუხიანიძის განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მან საკრებულოს წევრის მანდატი დატოვოს. საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მის საკითხზე “ოცნება” იმსჯელებდა. თავად კუხიანიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, შესაძლო პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმს დატყვევებული ჰყავს.