კობახიძე: ხვალ შევხვდებით ოპოზიციას და განვიხილავთ გერმანულ საარჩევნო მოდელს

855

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი კობახიძის, თქმით, 30 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება.

კობახიძე ამბობს, რომ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის მთავარი საკითხი სწორედ ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელი იქნება, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსასვლელად შესთავაზა.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში.

კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი და ფორმატი დღეს დაზუსტდება.

„ასაკითხი ძალიან ნათელია, იმხელა შეუსაბამობაა საქართველოს კონსტიტუციასა და „გერმანულ მოდელს“ შორის, რომ ერთადერთი დამატებითი ახსნა არის საჭირო და მეტი არაფერი. ჩვენ გვქონდა ამის ახსნის საშუალება ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებასაც ვაწვდით ინფორმაციას და ხვალ ამაზეც გაიცვლება მოსაზრებების. ამის მიღმაც ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია მეორედ 26 ნოემბერს, დილის 5:00 საათზე წყლის ჭავლის გამოყენებით კვლავ  დაშალა.  შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და სესიისა და ბიუროს სხდომების დღეებში პარლამენტის შენობის პიკეტირებას და ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობას ისევ განაგრძობენ.