პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ხედავს, რომ ხალხი მათ უკან არ დგას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ნაცმოძრაობის“ უკან დგას დღეს ორასი აქტივისტი, რომლებიც ცდილობენ პარლამენტის ბლოკირებას.
„ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული პროპორციულობის პრინციპით“, – განაცხადა კობახიძემ.
თუ რამდენად ადეკვატურია ასეთი მობილიზება ორასი აქტივისტისთვის, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია.
“იმისათვის, რომ სხვა უფრო რთული ზომები არ იყოს გამოყენებული, პრევენციული ზომებია მიღებული. მე ამაში სიღრმეში ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი. ისინი ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს პარლამენტის მუშაობა უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, ასე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვახსოვს პრაქტიკა, 2012 წლამდე, როდესაც ხდებოდა უსასტიკესი დარბევა მიტინგების. ეს პრაქტიკა არის აღკვეთილი საქართველოში და პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ის პრაქტიკა, რომელიც იყო თავის დროზე ჩამოყალიბებული“, – განაცხადა კობახიძემ.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია მეორედ 26 ნოემბერს, დილის 5:00 საათზე წყლის ჭავლის გამოყენებით კვლავ დაშალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.
აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და სესიისა და ბიუროს სხდომების დღეებში პარლამენტის შენობის პიკეტირებას და ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობას ისევ განაგრძობენ.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ამ წუთებში პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან ჯებირები მიიტანეს და ოპოზიციას პიკეტირების საშუალებას არ აძლევენ.