„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება.
როგორც დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური კრიზისი მთავრობის დაპირების არშესრულებამ შექმნა.
„ქართული ოცნების“ განაცხადია ქართველ ხალხს ესაუბრობს პოლიციის, სპეცრაზმის და ყვითელი ავტობუსების ენაზე. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პასუხს ვაგებთ, რომ ეს აქციები არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი.
გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია. ესაა ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს. მისი მიღება შეიძლება უახლოეს სამ კვირაში 76 ხმით. თუ ხელისუფლება ამ გამოსავალს დათანხმდება დეკემბრის ბოლომდე, შეჩერდება აქციები, შეწყდება კრიზისიც, ქვეყანაში გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და დავუბრუნდებით ნორმალურ კალაპოტს. ამისთვის ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს ყვითელი ავტობუსების უკან მალვით პარალმენტში დეპუტატების შეყვანას და ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური კომპრომისის მისაღწევად“, – აცხადებს ბაქრაძე.
დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, რათა მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. თუმცა, გამთენიისას სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები წყლის ჭავლის დახმარებით გაათავისუფლა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.
აქციის მონაწილეები კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.
მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.