მდინარაძე: პარლამენტის ბლოკირება სს დანაშაულია და პოლიცია ვალდებულია, მოახდინოს დანაშაულის პრევენცია

512

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და ხელისუფლება ამ დანაშაულის ჩადენის საშუალებას არავის აძლევს.

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს დღეს, 26 ნოემბერს, გამთენიისას აქციის დაშლის კომენტირებისას განუცხადა.

ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი კითხვა მასთან იყო, რატომ არ ატანინებდნენ გუშინ პოლიციელები დემონსტრანტებს პარლამენტის ტერიტორიაზე შეშას, რაზეც პასუხად მამუკა მდინარაძემ წინა აქციის მაგალითი მოიყვანა.

“ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევაში სხვადასხვა საგნები – ქვიშის ტომრები, კასრები, ხის ნაჭრები და ა.შ. – რისთვის გამოიყენეს დემონსტრანტებმა, იყო მცდელობა პარლამენტის ბლოკირების, რაც შემიძლია გითხრათ რომ არის სისხლის სამართლის დანაშაული და პოლიცია ახდენს დანაშაულის პრევენციას. “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ვიღაცამ დანაშაული ბოლომდე მიიყვანოს და შემდეგ ამაზე რეაგირება მოახდინოს, ამ ფორმებით რეაგირება არ არის ჩვენი სტილი და ყველამ კარგად იცის, მაგრამ მეორე მხრივ პოლიცია ვალდებულია მოახდინოს დანაშაულის პრევენცია.

წინა შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ფაქტები, როდესაც სხვადასხვა საგნების გამოყენებით ნაცმოძრაობის ხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ცდილობდნენ მოეხდინათ ბლოკირება პარლამენტის შენობის, რაც არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმისკენ მოწოდებულები რომ აუცილებლად ვინმემ ჩაიდინოს ეს და მერე ვსდიოთ ადამიანებს დასაჭერად, არამედ მოხდეს ამის პრევენცია და პრევენცია ხდება ამ შემთხვევაშიც, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული კანონდარღვევა, რადგან პრევენციის ვალდებულება გააჩნიათ სამართალდდამცავ ორგანოებს, ისინი მოქმედებენ ამ ვალდებულების ფარგლებში”, – განაცხადა მდინარაძემ.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

შსს-ს ცნობით, 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. დაშავდა 5 ადამიანი.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ ისევ რჩებიან. ოპოზიცია საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებს, რათა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას.

გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.

მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.